კომპანია “არ-ემ-ჯი ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “არ-ემ-ჯი ჯგუფი” დღეს გამართულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს. როგორც “კვირას“ კომპანია “არ-ემ-ჯი ჯგუფიდან” აცნობეს, კომპანია იყო და რჩება კანონის მოთხოვნათა ერთგული და მისი საქმიანობა ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული და განუხრელი დაცვით. “როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ორი სასამართლო პროცესი საყდრისი-ყაჩაღიანის №1 უბანზე მიმდინარე სამუშაოებისა და გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ. სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობები, რის საფუძველზეც კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდს“ ეძლევა საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
აღნიშულს წინ უძღოდა 2015 წლის 16 მაისს მოსამართლეთა და ყველა მხარის წარმომადგენელთა მიერ მოწვეული არქეოლოგებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება. კომპანიის ხელშეწყობით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა დეტალურად დაეთვალიერებინა ადგილმდებარეობა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეფასებინა შექმნილი მდგომარეობა. დათვალიერების მონაწილე არქეოლოგებისა და სპეციალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი სრულად დაშლილი და აღებულია, რის გამოც კომპანიის მხრიდან სამუშაოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს. კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იყო და რჩება კანონის მოთხოვნათა ერთგული და მისი საქმიანობა ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული და განუხრელი დაცვით”, – ნათქვამია “არ-ემ-ჯი ჯგუფის” განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საყდრისი-ყაჩაღიანზე „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები