საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოები მუშაობას იწყებენ. საბურთალოს რაიონის ტერიტორიული მართვის სამივე ერთეულის საზოგადოებრივი საბჭოს პირველი შეხვედრა საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ საბჭოს არსსა და მიზნებზე, მისი მუშაობის პრინციპებსა და განრიგზე ილაპარაკა. უკვე ცნობილია, რომ საბურთალოზე, ტერიტორიული მართვის სამ საუბნო სამსახურში სამი საზოგადოებრივი საბჭო იმუშავებს.
თითოეული მათგანი გამგებელს თვეში ერთხელ შეხვდება და მისი უბნის პრობლემებზე, მოსახლეობის სურვილებსა და ძირითად მოთხოვნებზე ინფორმაციას მიაწვდის. საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოების პირველ შეხვედრაზე, საბჭოს რამდენიმე წევრმა მათი უბნის ძირითად პრობლემებზე ისაუბრეს. ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკვერების მოწყობა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებაც საბურთალოს რაიონში მცხოვრებლებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა საბჭოს წევრებს განუცხადა, ის თავად იქნება ანგარიშვალდებული საბჭოების წევრების წინაშე.
„რადგან საბჭო, როგორც გამგებელთან არსებული სათათბირო ორგანო, მონიტორინგს გაუწევს თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბიუჯეტის გადანაწილებას, ხარჯვას და მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოების შესრულებას”,-განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა. საზოგადოებრივი საბჭოები ექსკლუზიურად მხოლოდ საბურთალოს რაიონის გამგეობაში რაიონის გამგებლის ინიციატივითა და თბილისის მერის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისი ეფექტურობის შემთხვევაში კი საბჭოების ეს მოდელი დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობაში დაინერგება. თითოეული საუბნო სამსახურის მიხედვით დაკომპლექტებულ საბჭოში 21 პირია გაწევრიანებული, რომელთაგანაც ათი პირი ამავე რაიონის მაცხოვრებელია, ორ-ორი წევრი მედია, ბიზნესს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ხუთი წევრი კი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, რომელიც უშუალოდ გამგებლის მიერ არის შერჩეული. საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების – USAID-ისა და CSI-ს მიერ განხორციელდა.