ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლები დაუპირისპირდნენ. იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულები მკვლელებად მოიხსენია, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრების რეაქცია მოჰყვა.
“პოლიციელს იარაღი უნდა ეჭიროს და არა შპრიცი და ნარკოტიკი. თქვენი ძმა კი წამალს ყიდდა”,- მიმართა ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა მანანა ვაზაგაშვილს.
ამასთან, დაპირისპირება მოხდა ბუტა რობაქის მამა სოსო რობაქიძესა და საქმეზე დაკავებულ, თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროს კახა ნაკანს შორის. შელაპარაკებას დარბაზში მყოფი ორივე მხარის წარმომადგენლების შეძახილები მოჰყვა. სოსო რობაქიძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, კახა ნაკანმა კი, სოსო რობაქიძის შეგინებისთვის ბოდიში მოიხადა.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ბრალდებულებს, დარბაზში მყოფებს წესრიგისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე გაიყო. დაკავებულების: ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძის და კვინიკაძის საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის კი – ცალკე.