თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-25 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება ცნობილი ქართველი პიანისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის – თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.
დღეს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პიანისტები თამარ ლიჩელი და ალექსანდრე კორსანტია, იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ფესტივალის ორგანიზატორი მანანა ფაცურია გაუძღვებიან.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე. შესრულდება შოპენის, შუბერტის, რაველისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში, 24 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში დაგეგმილია ქართული მუსიკის კონცერტი. თამარ ლიჩელთან და ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ჰოლანდიური საფორტეპიანო დუეტი „სკოლტეს & იანსენსი“.
25 მაისს, ფესტივალს საზეიმოდ დახურავს მსოფლიოში აღიარებული რუსი ვილონჩელისტის დენის შაპოვალოვისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ ერთობლივი კონცერტი. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალის დამფუძნებლია თამარ ლიჩელი, ორგანიზატორი – მანანა ფაცურია.