სახელმწიფო ბიუჯეტის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანის მიყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა იმპორტიორთა ჯგუფი, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ: ავთანდილ ყაბანაშვილი, ტარიელ შენგელია და ბესიკ ჭოჭუა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირი, რომელთა სახელითაც 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს 8 347 429 ლარის ღირებულების პროდუქცია.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს მიადგა 2 557 806 ლარის ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები