გოგა ჩანადირი ქუჩების დასუფთავების ინიციატივით გამოდის – ფოტოგრაფი საზოგადოებას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს. იგი მოსახლეობას მოუწოდებს, სხვის მიერ ძირს დაგდებული ნარჩენი აიღონ და ნაგვის ყუთში ჩააგდონ, მისი ურნაში ჩაგდებისას კი გადაიღონ ფოტო, ატვირთოთ სოციალურ ქსელებში და იგივეს გასაკეთებლად არანაკლებ 5 ადამიანი გამოიწვიონ.
„მეგობრებო, იცით, რომ ჩვენი გარემო, ტყე, მთა, სოფელი, ქალაქი, ეზოები დანაგვიანებულია. ნაგავი ძირს ყრია იმ ადგილებშიც, სადაც ყუთები დგას. მოგმართავთ თხოვნით, ყველამ სხვის მიერ ძირს დაგდებული თუნდაც 1 ნარჩენი, ეს იქნება პოლიეთილენის პარკი, ბოთლი, კოლოფი თუ სხვა რამ, აიღოთ და ნაგვის ყუთში ჩააგდოთ. ჩაგდებისას გადაიღოთ ფოტო, ატვირთოთ სოციალურ ქსელებში და იმავეს გასაკეთებლად არანაკლებ 5 ადამიანი გამოიწვიოთ. უპირველესად, მჯერა, რომ ამ აქციაში სწორედ ისინი ჩაერთვებიან, ვინც ნაგავს ისედაც ყუთში ყრის, ვისაც მართლა აწუხებს ეს პრობლემა. არ მაქვს ილუზია, რომ 1 ხელის მოსმით გარემოს დავასუფთავებთ. თუმცა, თქვენი მხარდაჭერით, შეიძლება, ადამიანების ის ნაწილი, ვინც ნარჩენებს სარკმლიდან, მანქანიდან ან სხვა პირობებში ძირს ყრის, მიეჩვიოს, რომ ამისთვის ყუთი გამოიყენოს“, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ფოტოგრაფი ასევე, საზოგადოებას სთხოვს, რომ მაღაზიაში თითო-ოროლა საქონლის ყიდვისას პოლიეთილენის პარკს გამყიდველს ნუ გამოართმევენ. ამასთან, არ გამოიყენონ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი და ასე სულ უფრო შეამცირონ ასეთი სახის ნარჩენის წარმოქმნა.
„კიდევ 1 გამართლებული საქციელი მგონია პოლიეთილენის შემცირება. მაღაზიაში თითო-ოროლა საქონლის ყიდვისას აუცილებელი არ არის პარკები გამოვართვათ. ასევე, ვფიქრობ, აჯობებს, არ გამოვიყენოთ პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი და სულ უფრო შევამციროთ ასეთი სახის ნარჩენის წარმოქმნა. გმადლობთ გაგებისთვის და შემოერთებისთვის. ერთი შეხედვით, აქციაში მონაწილეობა, ბევრისთვის, შეიძლება ესთეტიკური არ იყოს, სამაგიეროდ, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენს თავთან, ქვეყანასთან და ჩვენსავე გარემოსთან. ასევე, ნაგვის წამოკრეფა გაცილებით ესთეტიკურია, ვიდრე დანაგვიანებულ ადგილებში ყოფნა და ცხოვრება. რაც მეტი ფოტო დაიდება, მეტი ადამიანი ნახავს, გავლენას აუცილებლად იქონიებს. ამიტომ, ვიმოქმედოთ“, – წერს ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები