ამირან სალუქვაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, NDI-ის კვლევების ჩატარებისას, რა ფორმით დაისვა კითხვა

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე NDI-ის კვლევების შედეგებს აფასებს. სალუქვაძის აზრით, შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია, ზედმეტად ხმაურიანია. ამასთან, სალუქვაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია გამოკითხვის ფარგლებში კითხვების სწორად ფორმულირება.
„ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 68%, ხოლო რუსეთის გავლენას საქართველოზე ნეგატიურად აფასებს 71%. მგონი, ზედმეტი ხმაურია ევრაზიული კავშირის 31%-თან დაკავშირებით, როგორც 2008 წლის რეფერენდუმმა (თუ პლებისციტმა, არ მახსოვს) აჩვენა, მაშინაც 2/3-ზე ოდნავ მეტი უჭერდა მხარს ნატოში გაწევრიანებას და ახლაც 2/3-ია ევროკავშირის მომხრე. ძალიან ბევრი რომ ვერ გაიგებდა სხვაობას ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის, ეს უკვე ბევრმა აღნიშნა. ასევე არასწორია ეკონომიკური პრობლემების დროს ასეთ ღირებულებებზე გამოკითხვების ჩატარება. კაცი მიდის ქუჩაში, ფიქრობს დღეს სახლში რა მიიტანოს და ეკითხები, დღეს შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა თუ ბავშვების კუჭიო? ზოგს კუჭი ურჩევნია, ზოგი სიცოცხლეს სწირავს. ასეთი გამოკითხვებით რომ შეიძლებოდეს საზოგადოების განწყობის დადგენა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ კურსთან დაკავშირებით, მაშინ სხვა ქვეყნებში (და არც ჩვენთან) რეფერენდუმებს არ ჩაატარებდნენ. მნიშვნელოვანია ასეთ გამოკითხვებს თან ერთვოდეს, რა ჯგუფები გამოიკითხა და რომელ რაიონებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სწორი ანალიზის გაკეთება. რა თქმა უნდა, არავის ავტორიტეტს არ ვაყენებ ეჭვქვეშ. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმით დაისვა კითხვა, როგორ აღიქვეს მათ ეს კითხვები და ა.შ.
ევროკავშირის ნაცვლად წყვილში რომ ყოფილიყო ნატო და ევრაზიული კავშირი, იქნებოდა თუ არა სხვა შედეგი? ასევე მნიშნელოვანია, როგორი ფონი ახლავს გამოკითხვების ჩატარებას. ხანდახან უაზრო გამოკითხვები ტარდება ხოლმე. ლარი გაუფასურდა 30%-ით და ატარებენ გამოკითხვას: “დაზარალდით თუ არა ლარის გაუფასურებით”, ან იმოქმედა თუ არა თქვენზე ლარის გაუფასურებამ?” დიახ, ბატონო, დავზარალდით, იმოქმედა. რა არის აქ გამოსაკითხი? ყველა შემთხვევაში, ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც 2000 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ნატოსთან, ასევე წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობაში და დღესაც, მომავალშიც ამ კურსის მომხრე ვიქნები (მიზეზების ახსნას ახლა არ მოვყვები) 2 ციფრი იყო მნიშვნელოვანი: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 68%, ხოლო რუსეთის გავლენას საქართველოზე ნეგატიურად აფასებს 71%. მგონი, ხალხის განწყობა ნათელია“, – წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები