მანანა კობახიძე: ჩემი მეუღლის ბრალი, როგორც ჩანს, ის არის, რომ ის ჩემი მეუღლეა 2012 წლიდან…

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საინფორმაციო სააგენტო „ფრეშნიუსს“ მათ მიერ მომზადებული მასალაში გაჟღერებული ინფორმაციის დამტკიცებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
როგორც კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მის მეუღლეს არასდროს უმუშავია კომპანია “ლუკოილში”.
„ვფიქრობდი, საერთოდ ღირდა თუ არა ჩემგან რეაგირება, მაგრამ მაინც დავწერე. ძალიან ვწუხვარ, რომ “რუსთავი-2” სულ უფრო და უფრო ემსგავსება “რეალ-TV”-ს!!! თქვენს მეპატრონეებს, მესაკუთრეებს, დირექტორებს, უფროსებს, პროდიუსერებს, შემკვეთებს, დამკვეთებს, დამფინანსებლებს, იდეოლოგებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენი ინფორმატორები არასწორ, გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციებს გაწვდიან, რაში უხდით ისე ხელფასს თქვენს ჟურნალისტებს?! ნუთუ ასე ძნელი იყო, გადაემოწმებინათ ის ფაქტი, რომ ჩემს მეუღლეს არასდროს უმუშავია კომპანია “ლუკოილში”, არც 2012 წლამდე და არც შემდეგ, არც წარსულში და არც ახლა და მინდა გითხრათ, რომ არც მომავალში აპირებს იქ მუშაობას. ჩემი მეუღლის ბრალი, როგორც ჩანს, ის არის, რომ ის ჩემი მეუღლეა 2012 წლიდან…
ნუთუ ისე გაგიჭირდათ, რომ ასე არაპროფესიონალურად, გადაუმოწმებლად გაავრცელეთ “ფრეშნიუსის” მიერ მომზადებული შეკვეთილი, ცრუ ინფორმაციებით და ცილისწამებით გაჯერებული, მდარე სიუჟეტი.
როგორც ჩანს, ბევრს წვალობთ, ცდილობთ ხალხს როგორმე დააჯეროთ როგორ ვითვისებთ ბიუჯეტის კუთვნილ ფულს მე და ჩემი ოჯახი, მაგრამ თქვენივე ლაბირინთებში იხლართებით. მე დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში, აუცილებლად მოგიწევთ ამ ფაქტების დამტკიცება, ან დაამტკიცებთ ან ძალიან დიდ ბოდიშს მოიხდით!!!
P.S. ისე მაინტერესებს, ეს “ფრეშნიუსი” შემთხევით, ნანუკა ჟორჟოლიანის ხომ არ არის? ისე რატომ “ვისოლზე” არ აკეთებს სიუჟეტებს? და ეს “ვისოლი”, შემთხვევით ნანუკას დეიდაშვილების-ფხაკაძეების ხომ არ არის? ეს ფხაკაძეები “ლუკოილში” კონკურენტს ხომ არ ხედავენ? ისე ფოთის და ბათუმის პორტების უკან კეზერაშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილის და სხვა თქვენი მეგობრების ინტერესები ხომ არ იდგა და ახლა რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნა მათ ბიზნესს? ვთხოვ “რუსთავი 2”-ს, იქნებ ესეც გამოიძიოს და არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ საგამოძიებო ორგანოებს!“, – წერს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები