„ახუნდოვ ჰაუსმა“ საბიბლიოთეკო კვირეულზე ინოვაციური სერვისები წარადგინა

30 აპრილს დაწყებული საბიბლიოთეკო კვირეული გუშინ, 11 მაისს დასრულდა. დახურვის ღონისძიება თბილისის მთავარ საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც შვიდმა პრეზენტატორმა საკუთარი ბიბლიოთეკების ინოვაციური პროექტები წარადგინა.
როგორც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა „კვირას“ განუცხადა, მსგავსი კვირეულები სტიმულია თითოეული ბიბლიოთეკისთვის – დახვეწონ და გაახალისონ მომსახურება და განახორციელონ ის ინოვაციური პროექტები, რაც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით, ახალგაზრდების წიგნიერებას.
მისივე თქმით, მსგავსი კვირეულები მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს საბიბლიოთეკო კვირეულის ოფიციალური დახურვა გვაქვს. კვირეული 30 აპრილს – ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღეს გაიხსნა და დღეს დამთავრდა. დახურვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციების კონკურსი „ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში“. ყველა ბიბლიოთეკარს უნდა წარმოედგინა ის ინოვაციები, რასაც საკუთარ ბიბლიოთეკაში ახორციელებენ. 7 მომხსენებელი გვყავდა დღეს. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა საუკეთესო მომხსენებლისა და პრეზენტაციის გამოსავლენად. გამარჯვებულს დააჯილდოვებს: ეროვნული ბიბლიოთეკა – „ამაზონ ქინდლით“, ხოლო კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი – უნიკალური გამოცემებითა და სპეციალური წიგნის სანიშნეებით.
ჩვენ შარშანაც გვქონდა პრეზენტაციების კონკურსი და შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. კონკურსის მიზანია მეტი მოტივაცია ბიბლიოთეკარებისთვის, რომ ჰქონდეთ ახალი სერვისები, რასაც პრეზენტაციაზე წარმოადგენენ“, – განაცხადა რუსუდან ასათიანმა.
საბიბლიოთეკო კვირეულის ერთ-ერთი მონაწილე „ახუნდოვ ჰაუსის“ კომპლექსის დირექტორი, ლელა მოწონელიძე იყო, რომელმაც „ახუნდოვის სახლის“ ბიბლიოთეკის ინოვაციური სერვისები წარმოადგინა.
როგორც ლელა მოწონელიძემ „კვირას“ განუცხადა, „ახუნდოვის სახლის“ ბიბლიოთეკა უიშვიათესი გამოცემებითაა მდიდარი და ამ ბიბლიოთეკის ინოვაციური სერვისი სწორედ ის ლიტერატურულ-კულტურული საღამოებია, რომელიც სტუდენტებისა და ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის ეწყობა.
„მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის სახლის მთავარი ინოვაცია მისი კომპლექსურობაა, აზიური და ევროპული კულტურისა და ლიტერატურის შეხვედრის ადგილი: სამხატვრო გალერეა, სადაც მრავალი საქველმოქმედო საღამო და გამოფენა იმართება, კაფე „მონსიე ჟორდანი“ – ფრანგული მუსიკითა და სამზარეულოთი, თქვენი განტვირთვის საუკეთესო ადგილია და, რა თქმა უნდა, „ახუნდოვის“ უიშვიათესი ბიბლიოთეკა, სადაც ცნობილი მწერლებისა და პოეტების სტუდენტებთან შეხვედრა ეწყობა. „ახუნდოვ ჰაუსის“ არსებობის ქვაკუთხედი იმ კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებების გამართვა და ხელშეწყობაა, რაც საზოგადოების დაინტერესებულ სეგმენტს საინტერესო და კომფორტულ გარემოს უქმნის“, – განაცხადა ლელა მოწონელიძემ.
საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ თავისი ხმა საუკეთესო მომხსენებელს მისცა. ამგვარად, გამოვლინდა გამარჯვებული, კონსტანტინე ალიბეგაშვილი, საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფი. გამარჯვებული კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალეკო გრიგალაშვილმა უნიკალური გამოცემებითა და წიგნის სანიშნით დააჯილდოვა, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით კი, „ამაზონ ქინდლი“ გადაეცა. ასევე, გამარჯვებული „ახუნდოვ სახლის“ კომპლექსის დირექტორმა, ლელა მოწონელიძემ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.

11256427_1107891819226807_305917156_n

11166038_1107891799226809_144511247_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები