თეატრალური პრემია „დურუჯის“ მოსაპოვებლად 37 კანდიდატი იბრძოლებს

თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ და კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით უკვე მეშვიდედ იმართება.
განაცხადების მიღების ვადა 8 მაისს ამოიწურა. სულ შემოტანილია 22 თეატრის 37 განაცხადი. ივნისის ბოლოსთვის შედგება ნომინანტთა „მოკლე ნუსხა“ თითოეული ნომინაციისთვის: „დურუჯი“ 2014-2015 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს.
საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
„დურუჯის დაჯილდოების პირველ წელს პრემია მხოლოდ ერთ ლაურეატს გადაეცემოდა, დღეისთვის კი უკვე 5 ნომინაცია გვაქვს. წინა წლებშიც არაერთხელ აღმინიშნავს, თუ რაოდენ იზრდება კონკურსში ჩართული თეატრების რაოდენობა სეზონიდან სეზონამდე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პრემია „დურუჯი“ თეატრალური სფეროს მოღვაწეებისთვის ნამდვილად წარმოადგენს მოტივაციას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომლებიც წელსაც მრავლად არიან წარმოდგენილი. წელს დურუჯის ნომინაციებზე ერთმანეთს კონკურენციას 37 წარმოდგენა გაუწევს“, – ამბობს „დურუჯისა“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.
თეატრალური პრემია „დურუჯის“ პარტნიორია კომპანია „რედიქსი“; საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ჟურნალი „ფოკუსი“, რადიო „ფორტუნა“.
მხარდამჭერები – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ველნესცენტრი „კლუბი 71“, გამომცემლობა „დიოგენე“, მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“, მაღაზიათა ქსელი „ევიტა-პერონი“, ყვავილების მაღაზია „ფრეზია“, „ირაკლი წულაძე ქანდაკება“, სასტუმრო „კაბადონი“, სასტუმრო „ლეპორტი“, „რედ-ფურშე“, „ყვარლის მარანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები