ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე კიდევ ერთი ქართული პროექტია წარმოდგენილი. ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროგრამის ფარგლებში წარდგენილ საერთაშორისო გამოფენაში – „ნახტომი შეუცნობადში“ მონაწილეობას მიიღებს მხატვარი ილია ზაუტაშვილი მულტიმედიური პროექტით „საზოგადოებრივი აზრი“.
გამოფენაში „ნახტომი შეუცნობადში“ მიწვეულნი არიან მხატვრები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 40 ნამუშევრით. სამხრეთ კავკასიიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან, პროექტში მხოლოდ საქართველო მონაწილეობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი კურატორი კურირებს საერთაშორისო გამოფენებს.
ბიენალეს მთავარი კურატორის გამოფენასა და ნაციონალურ პავილიონებთან ერთად, ოფიციალური პარალელური პროგრამა (Official Collateral Events) ბიენალეს ოფიციალური სტრუქტურის ნაწილია – წარმოდგენილია ბიენალეს ძირითად კატალოგში, ბიენალეს საიტზე და ბიენალეს საინფორმაციო პუბლიკაციებში.
„საზოგადოებრივი აზრი“ წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაციას – ფართო საუთაო მაგიდაზე მოთავსებულია ძველი უფუნქციო უთო, რომლის ფსკერზეც ფიქსირებულია მეტალის რელიეფური წარწერა ინგლისურად „PUBLIC OPINION”
. საუთოო დაფას ფარავს ქსოვილი (ატლასი), რომელზეც დაბეჭდილია ადამიანთა ჯგუფების და აქტუალური, სოციალური და კულტუროლოგიური შინაარსის მქონე მონოქრომული ფოტო-კოლაჟი. ქსოვილი მაგიდიდან ეფინება იატაკს და ფარავს მის გარკვეულ ნაწილს. ნაჭრის ქვეშ, იატაკზე მოთავსებული ორი ძლიერი „ფენი“ აფრიალებს ქსოვილს.
კონცეფცია: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, თუმცა ვერ ახდენს რეალურ ცვლილებას, რადგან საზოგადოებრივი ინიციატივები ხშირად იკარგება სისტემისა და ყოველდღიურობის ლაბირინთებში.
ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გასტანს. „ნახტომი შეუცნობადში“ იმართება ვენეციის „გრანდ კანალზე“ მდებარე მე-15 საუკუნის სასახლეში – Palazzo Loredan dell’ Ambasciatore. სახელწოდება „dell’ Ambasciatore“ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შენობა ავსტრიის იმპერიის ელჩებისთვის იყო განკუთვნილი. სასახლე ვენეციის წინა ორ ბიენალეზე მასპინძლობდა ახალი ზელანდიის ნაციონალურ პავილიონს. იგი ცნობილი მისამართია ბიენალეზე დამსწრე ჟურნალისტებისა და არტპროფესიონალებისთვის. პროექტის კურატორების გადაწყვეტილებით, ვენეციის ბიენალეს დასრულების შემდეგ, ილია ზაუტაშვილის ინსტალაცია „საზოგადოებრივი აზრი“ ნაჩვენები იქნება სეულის ARKO-ს (კორეის არტ საბჭო/Korea Art Council) საგამოფენო დარბაზში. პროექტის ფარგლებში NUOVA ICONA ატარებს ასევე, ხელოვნებისა და გარემოს საკითხებისადმი მიძღვნილ ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას „კონტინენტალური საუზმე“, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი ორი მომხსენებლით – მხატვარი ილია ზაუტაშვილი და პროექტის კომისარი მაგდა გურული. ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. 2013 წლის 55-ე ბიენალეს 906 000 ადამიანი ესტუმრა, მათ შორის 4 662 აკრედიტირებული ჟურნალისტი. დაიწერა 1 610 სტატია. 18 ჟურნალმა ყდაზე გამოიტანა ბიენალეს მასალა. ბიენალე 57 300-ჯერ იქნა ნახსენები ინტერნეტპრესაში.