გამოფენა „ქალი აბრეშუმით“ გაიმართება

13 მაისს, 19:00 საათზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „ქალი აბრეშუმით“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფის, კონსტანტინე ზანისის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაღებული ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ კავკასიელი ქალების ყოველდღიურ ყოფას, მათ ჩაცმულობასა და მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობას.
ფოტოები გადაღებულია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მიერ ორგანიზებული ექსპედიციების დროს. გახსნის დღეს გამოფენის დათვალიერებასთან ერთად მნახველებს საშუალება ექნებათ, თავად გახდნენ „ქალი აბრეშუმით“ ფოტოგრაფ მიხეილ ჩხიკვაძის დახმარებით იქვე მოწყობილ მცირე სტუდიაში.
გამოფენა არის მუზეუმის ხუთწლიანი კვლევის შედეგი, რომელიც კვლავაც გრძელდება. დაგეგმილია მუზეუმის სხვენში მდებარე ზანისის ფოტოსახელოსნოს განახლება და მისთვის თავდაპირველი ფუნქციის დაბრუნება.
გამოფენის ფარგლებში მუზეუმი აგრეთვე გთავაზობთ: ფოტოგრაფი მუზეუმში (ქართველ ფოტოგრაფთა ფოტოსესია თემაზე „ქალი აბრეშუმით“) – 15 მაისი, 13:00-15:00 – ირმა შარიქაძე და ვიზაჟისტი – ეკატერინე ჩანჩიბაძე; 18 მაისი, 13:00-15:00 – მარიკა ამურველაშვილი; 20 მაისი, 13:00-15:00 – ნათელა გრიგალაშვილი; 22 მაისი, 13:00-15:00 – დარო სულაკაური; 18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე – „12:00-24:00“ (მუზეუმი დამთვალიერებელს აძლევს შესაძლებლობას ეწვიოს მიმდინარე გამოფენებს დღის 12 საათიდან შუაღამემდე უფასოდ); 19 , 21 მაისი, 13:00-17:00 – შეხვედრები ფოტომოყვარულ ახალგაზრდებთან. გამოფენა 23 მაისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები