დავით თევზაძე: კაი ყმობა არასდროს ყოფილა სასირცხვილო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს დიდი სამამულო ომის მონაწილეებს ულოცავს. როგორც დავით თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, მას ეამაყება ეს ადამიანები, რომლებიც ომის დროს არ დაიმალნენ და არც სიკვდილის შეეშინდათ. ყოფილი მინისტრი „ფეისბუქის“ გვერდზე იხსენებს თავის ბიძებს, რობლებიც ფაშიზმთან ბრძოლაში დაიღუპნენ და რომელთა სურათებს მისი ალბომი ერთგულად ინახავს.
„კაი ყმობა არასდროს ყოფილა სასირცხვილო. დღეს 9 მაისია. გილოცავთ, ვინც მოლოცვა დაიმსახურა, ვისაც რწმენამ არ უმტყუნა და ვინც არ დამალულა. მარადიული ხსოვნა, ვინც ვერ დაბრუნდა იმ ომიდან, ანდა დაბრუნებული, დღევანდელ დღეს ვერ შეესწრო.
დღეს მათთან ერთად ჩემს ბიძებს გავიხსენებ: ერთი უკრაინის ტრამალებში დაიკარგა 1944-ში და მისი სურათი არ მაქვს. აკაკი ერქვა, თევზაძე, მამაჩემის უმცროსი ძმა. მეორე, დედის ძმა, იაროსლავ იოსელიანი, წყალქვეშა ნავს მეთაურობდა, საბჭოთა კავშირის გმირიც გახდა 1943-ში და “რაიხის პირადი მტრის” სტატუსიც დაიმსხურა გერმანელებისგან. დაბრუნდა და სამოცდაათიან წლებში, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში. დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონში. მისი სურათები მაქვს. სურათზე ნავია, რომლითაც თითქოს იბრძოდა. ბოლო სურათზე დებთან ერთადაა გადაღებული 1946-ში, ომის შემდეგ, სოხუმში. მარცხნივ დადაჩემია ოლღა, ხოლო მარჯვნივ – დეიდაჩემი ვერა. მეამაყება? რატომაც არა. მეამაყება ორივე, ვინაიდან არ დამალვიან არც ომს, არც ტყვიას, არც სიკვდილს. მეომრები იყვნენ, აი ისეთი, რომ ამბობენ კაი ყმააო. კაი ყმობა კიდევ არასოდეს არის სასირცხვო“,- წერს დავით თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები