ამირან სალუქვაძე: გთხოვთ, ფაქიზად მოვეკიდოთ სამხედრო საკითხებს და ჯარისკაცის ღირსებას

კიდევ ერთხელ გთხოვთ, ფაქიზად მოვეკიდოთ სამხედრო საკითხებს და ჯარისკაცის ღირსებას. ჩვენ გვყავს ღირსეული სამხედრო მოსამსახურეები და ისინი სამშობლოს ემსახურებიან და არა მინისტრს ან სხვა პირს, – აღნიშნულს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, განცხადებები იმის შესახებ, რომ ოფიცერი ქალი მინისტრის ბრძანებას არ დაემორჩილება და ჯარი დაიშლება, უპასუხისმგებლო და დესტრუქციულია. სალუქვაძე მედიას თვითცენზურისკენ მოუწოდებს, რადგან, მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები უცოდინრობის გამოხატვაა, რადგან სამოქალაქო მინისტრი, განურჩევლად სქესისა, ბრძანებებს არ გასცემს.
“განცხადებები იმის თაობაზე, რომ ზოგი ოფიცერი ქალი-მინისტრის ბრძანებას არ შეეგუება და ჯარი დაიშლება, უპასუხისმგებლოა და ან დესტრუქციული პროცესების გამოწვევას ემსახურება, ან ზედმეტი “ცოდნითაა” გამოწვეული.
მედია მსგავსი შნაარსის განცხადებებს არ უნდა ავრცელებდეს. ყველაფერს კანონით ვერ აკრძალავ. უნდა არსებობდეს თვითრეგულაცია, თვითცენზურა. დავიწყოთ იქედან, რომ სამოქალაქო მინისტრი, მამაკაცი იქნება თუ ქალი, ოფიცრებს ბრძანებებს არ აძლევს.
როგორ ხდება სამოქალაქო მინისტრის მიერ თავდაცვის სამინისტროს მართვა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე გაწერილი ბოლომდე არაა, არსებობს დასავლური პრაქტიკა და მეტნაკლებად ამ გამოცდილების მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოდ, სანამ გამიჯვნის პროცესი დასრულდება. ახალმა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება ფუნქციების გამიჯვნის შესახებ და იმედია ეს პროცესი წარმატებით დასრულედება.
უფრო შორს წავალ და გეტყვით, რომ მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია ზოგადად ქალების მიმართ. ერთი მხრივ, ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, მეორე მხრივ კი, ასეთი გამონათქვამების არსებობას ვუშვებთ. თან არ მესმის იმ ორგანიზაციების განცხადებები, რომლებიც აქტიურად იცავდნენ ქალთა უფლებებს.
მინდა კიდევ ერთი რამ განვმარტო, რომ ჩვენს არმიაში მსახურობენ ქალები, ბევრი მათგანი ოფიცერია და ბრძანებებს იძლევიან. გამოდის მათი ბრძანებები არ უნდა შესრულდეს? ეს ხომ სისულელეა? გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრებები და შესაძლოა ცალკე დავწერო.
ამჟამად ვიტყვი, რომ ჯარში ქალებს არ შევზღუდავდი თანამდებობრივად. მოხარული ვიქნებოდი, თუ ქალ სამხედრო გენერალსაც ვიხილავდი, ოდესმე. ეს ცალკე თემაა. დავუბრუნდეთ ქალი თავდაცვის მინისტრის საკითხს. ისე ვიმეორებ, სამოქალაქო მინისტრი უშუალოდ მუშაობს გენერალური შტაბის უფროსთან და ცალკეულ საკითხებზე, გენერალური შთაბის უფროსთან შეთანხმებით, ან მისი თანდასწრებით მოადგილეებთან, სარდლებთან, დეპარტამენტების უფროსებთან და ა.შ. როგორც წესი, სამოქალაქო მინისტრი ბრძანებებს არ იძლევა და ურთიერთობები უფრო დემოკრატიულ ხასიათს ატარებს. მინისტრთან ათანხმებენ ძირითად საკითხებს (არ ჩავშლი, არ გადაგღლით). საკითხების განხილვისას მინისტრი ეთანხმება, ან სვამს კითხვებს, აკეთებს გარკვეულ შენიშვნებს, თუ გააჩნია.
საბოლოო ჯამში საკითხი თანხმდება, რაც შემდგომში შესასრულებელია. არმიის სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები მოქმედებენ გაწერილი მოვალეობების ფარგლებში და მათ არ სჭირდებათ მინისტრისგან მრძანებები. თუ საჭიროება იქნება, მინისტრი მითითებებს აძლევს გენერალური შტაბის უფროსს. მინისტრი გამოსცემს წერილობით ბრძანებებს. ბრძანებების საკითხიც დარეგულირდება ფუნქციების გამიჯვნისას და გაიწერება ვინ რა სახის ბრძანებებს გამოსცემს (დანიშვნები, გადაადგილებები, წოდებების მინიჭება და სხვა. ისევ ვუბრუნდები ბრძანების გაცემის საკითხს. ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქალისგან მივიღებ ბრძანებას, თუ მამაკაცისგან. ბრძანება უნდა იყოს კანონიერი და კვალიფიციური. შეიარაღებული ძალების მართვის საკითხში სქესს არ აქვს მნიშვნელობა.
ქალი თუ პრეზიდენტად ავირჩიეთ, მაშინ სად მივდივართ? თუ უცოდინარი მამაკაცი-მინისტრი იძლევა ბრძანებას მაშინ რა ვქნათ? ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სამოქალაქო მინისტრები, ფაქტიურად ერთპიროვნულად მართავდნენ არმიას და გენშტაბის და სარდლობების ინსტიტუტები დაკნინებული იყო. შედეგად რა მივიღეთ, ამჟამად არც მაგ თემას შევეხები. ისე, რატომ გვიკვირს მინისტრების ხშირი ცვლა? 24 წლის განმავლობაში მე-17 მინისტრი იცვლება. აქედან 2 მინისტრზე, ვ. ნადიბაიძესა და დ. თევზაძეზე მოდის თითქმის 9 წელი (ყველაზე დიდხანს დ. თევზაძე იყო – 5 წელი). დანარჩენ 15 მინისტრზე კი 15 წელი მოდის. აქედან ზოგი 2 წელი იყო, ზოგი 3 თვე. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, თუმცა სიახლეს არ წარმოადგენს. მოკლედ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ფაქიზად მოვეკიდოთ სამხედრო საკითხებს და ჯარისკაცის ღირსებას. ჩვენს გვყავს ღირსეული სამხედრო მოსამსახურეები და ისინი სამშობლოს ემსახურებიან და არა მინისტრს ან სხვა პირს. ასე გაგრძელდება მომავალში, რაშიც წარმატებებს ვუსურვებ ყველას”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები