გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დღეს შეხვდა. დელეგაციას წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კერძოდ, საუბარი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ამ პროცესში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა აქტიური ჩაბმულობის მნიშვნელობას შეეხო.
ასევე, აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს. კონგრესმენთა დელეგაციამ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის მნიშვნელობასაც. ხაზგაზმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის თვალსაზრისით. მხარეებმა ყურადღება ნატოს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც კონგრესმენებმა განაცხადეს, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ ჯო უილსონს და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებს, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები