გურამ ოდიშარია: მშვიდობით! და ყველაფრისათვის დიდი მადლობა, ბატონო რეზო!

კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია ფეისბუქის პირად გვერდზე რეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ოდიშარია მისი და რეზო ჩხეიძის ურთიერთობის შესახებ წერს და მწუხარებით აღნიშნავს, რომ დღეს დიდი რეჟისორის დაკრძალვის დღეა.
“ეს სურათი ერთი წლის წინ, 9 მაისს არის გადაღებული. 7 მაისს კი, თქვენი დაკრძალვის დღეა, ბატონო რეზო; ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანისათვის თქვენი გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების დღე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, რომელსაც ამ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე თქვენთან მეგობრობის პატივი და ბედნიერება მქონდა. ვინ იცის, ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების განმავლობაში შევხვდები კი ოდესმე თქვენისთანა, მხოლოდ სიკეთის დამმახსოვრებელ, ჯარისკაცის მამასავით თანამდგომ, პლანეტარული სიყვარულით და შემოქმედებით სამყაროს გამლამაზებელ, სიცოცხლის ერთგულ ადამიანს?! მშვიდობით! და ყველაფრისათვის დიდი მადლობა, ბატონო რეზო!“- წერს გურამ ოდიშარია.
რეზო ჩხეიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ცხედარს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობილი კინორეჟისორი 89 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 4 მაისს გარდაიცვალა. რეზო ჩხეიძე 1926 წელს ქუთაისში დაიბადა. მან არაერთი ფილმი გადაიღო, მათ შორის „ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „განძი“, „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები