„ინფორმაცია გვაქვს, რომ ბაგა-ბაღებში შეტანილია კამეჩის ხორცი“

,,ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარის, გია ბურჯანაძის განცხადებით, სამომხმარებლო ბაზრებში უხვად იყიდება ისეთი საქონლის ხორცი, რომლის მოხმარებაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ბურჯანაძის თქმით, ასეთი უვარგისი ხორცით ბაზრების გარდა სუპერმარკეტებიც მარაგდება. ამის შესახებ გიორგი ბურჯანაძემ გაზეთ „ალიასთან“ ისაუბრა.

„ეს უვარგისი საკვები პროვოცირებას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ხნიერი ადამიანები მყავს მხედველობაში, ისინი, ვისაც, კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, ასევე, ვგულისხმობ ვირუსით დასუსტებული ორგანიზმის მქონე ადამიანებს, მათთვის ეს ხორცი აბსოლუტურად მიუღებელია. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი ხორცის მიღების შემდეგ ხალხი საავადმყოფოში ხვდება სამკურნალოდ, ანდა სულაც – საოპერაციოდ“,- აცხადებს გიორგი ბურჯანაძე. ამასთან, ბურჯანაძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში პატარებს საქონლის ნაცვლად კამეჩის ხორცს აჭმევენ. ,,ბაგა-ბაღებშიც გვქონდა შემთხვევები, რომ ასეთი პროდუქტი შევიდა. ინფორმაცია გვაქვს, რომ ბაგა-ბაღებში შეტანილია კამეჩის ხორცი, ამ ხორცს ბავშვის ორგანიზმი ვერ ამუშავებს, ვერ ღეჭავს. ამ ინფორმაციაზეც ვმუშაობთ ეხლა“,-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები