პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა
სასტუმროში „თბილისი მარიოტი” პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” – შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა გახსნეს. სამინისტროს ცნობით, პროექტს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო” და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა” ახორციელებს, რომლის მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„პროექტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მყარი საყოფაცხოვრები ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი შვედეთის მთავრობაა. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 71 მუნიციპალური და რეგიონული შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედორვე სისტემები, საერთაშორისო პრაქტიკა, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის” მიერ, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული ნიადაგისა და წყლის ნიმუშების ჰიდროქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ჩატარდა, რის საფუძველზეც დადგინდა სხვადასხვა დამაბინძურებელი კომპონენტის მიერ აღნიშნული ტერიტორიების დაბინძურების ხარისხი. შემაჯამებელ ეროვნულ შეხვედრაზე შეფასდა სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე. შემუშავდა რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. პროექტის ფარგლებში, არასამათავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო” მიერ, შეგროვდა მონაცემები ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ. მოეწყო დასუფთავების აქციები“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, 2014 წლის 1 მარტს, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ, გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით „სუფთა რეგიონი”, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, უბნის, ქუჩის გამოვლენა. კონკურსის ფარგლებში შემოსული ინფორმაციისა და ჩატარებული აქციების შეჯამების შედეგად, 2014 წლის სუფთა რეგიონის წოდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მიენიჭა. სუფთა მუნიციპალიტეტი – ახმეტის მუნიციპალიტეტს და სუფთა სოფლის წოდება კი, სოფელ ჭითაწყაროს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მიენიჭა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარემოსდაცვით პროექტებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.