შსს-ს სპორტული კლუბის მრბოლელმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა უნგრეთში გამართულ ეტაპზე თავის კლასში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
შს სამინისტროს ცნობით, შსს-ს სპორტული კლუბის ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით მიზანდარმა ქართველ მრბოლელს წარმატება მიულოცა და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველმა სპორტსმენმა პირველად მიიღო მონაწილეობა. 2012, 2013 და 2014 წლებში კი დავით ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის სახელით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ LEGEND SUPER CUP- ის სახელწოდებით ცნობილ ჩემპიონატზე ასპარეზობდა, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.