გიორგი კვირიკაშვილი ინოვაციური ლაბორატორიის პრეზენტაციას დაესწრო

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ინოვაციური მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გაიხსნა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ადა მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, ასევე მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ჯეოლაბი“ კომპანია „ჯეოსელის“, „ლივინგსტონის“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. ეს არის სამუშაო სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ შექმნან ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები, მოახდინონ საკუთარი კრეატიული იდეებისა და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზება.

„ინოვაციური აპლიკაციების ლაბორატორია არის პირველი ლაბორატორია საქართველოში, რომელიც სპეციალური პლატფორმა და სივრცეა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათი გამოგონებების კომერციალიზაცია მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოვიდნენ ამ სპეციალურ ადგილას, სადაც ყველაფერია მოწყობილი იმისათვის, რომ მათ საკუთარი ნიჭისა და პროექტების რეალიზაცია შეძლონ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სივრცეში შეიქმნება არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი START UP კომპანია, ეს იქნება სივრცე, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში Silicon Valley“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნება ამ სივრცეში და მათი განვითარება თავის თავში დიდ პოტენციალს ატარებს.
„ამ ლაბორატორიის განვითარებისთვის ეკონომიკის სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ასი ათას ლარს გამოყოფს, ჩვენ ვულოცავთ ყველა მონაწილეს და დიდ მადლობას ვუხდით ყველა მხარეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
“ინოვაციური მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ განუყოფელი ნაწილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI), რომელიც სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამი თვის განმავლობაში დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს, თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. მსურველებს სწავლა შეეძლებათ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები და პროგრამული პროექტების მართვა“,- აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები