“თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადება გენშტაბსა და თავდაცვის სამინისტროს გამიჯვნის შესახებ მომეწონა”

ძალიან მომეწონა ახალი თავდაცვის მინისტრის განცხადება გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ფუნქციების ბოლომდე გამიჯვნის შესახებ – ასე აფასებს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე თინა ხიდაშელის მიერ აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას. სალუქვაძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა საჭირო, რათა მომავალში სამოქალაქო-სამხედრო მინისტრი აღარ მივიღოთ.
“ძალიან მომეწონა ახალი თავდაცვის მინისტრის განცხადება გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ფუნქციების ბოლომდე გამიჯვნის შესახებ. ამ საკითხში მას ყველანაირად უნდა დაუჭირონ მხარი, რადგან შემდგომში აღარ მივიღოთ სამოქალაქო-სამხედრო მინისტრი, როგორც ხდებოდა ხშირად. ასე, რომ თუ ინსტიტუციონალური რეფორმები ბოლომდე იქნა მიყვანილი, ეს დიდი მიღწევა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა: არც ზედმეტი თავისუფლება (უკონტროლობა) შეიძლება, არც ზედმეტი ჩარევა. დეტალებს არ მოვყვები. ასევე ძალიან კარგი იდეაა თავდაცვის მინისტრთა კლუბის (სათათბიროს, საბჭოს) შექმნა. ყველა შემთხვევაში საინტერესო ცვლილებებს ველოდები და, როგორც ყოველთვის, ვგულშემატკივრობ მშობლიურ თავდაცვის სამინისტროს. წარმატებები!!!
P.S. „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტმა, თინა ხიდაშელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-8 მინისტრიაო. მერვეც არის და მე-16 თუ მე-17. როგორ შეიძლება ასე? ქალბატონი თინა მერვე მინისტრია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. თუ ჩვენი ისტორია 2003 წელს იწყება, მაშინ სწორია, ზუსტად მერვეა. ისე კი ჩამოვთვლი უცებ, თუ ვინმე არ გამომრჩა: ჯ.ფირცხალაიშვილი, ლ.შარაშენიძე, თ.კოტოვანი, გ.ყარყარაშვილი, ე.შევარდნაძე, ვ.ნადიბაიძე, დ.თევზაძე, გ.ბეჟუაშვილი, გ.ბარამიძე, ი.ოქრუაშვილი, დ.კეზერაშვილი, დ.სიხარულიძე, ბ.ახალაია, დ.შაშკინი, ი.ალასანია, მ.ჯანელიძე და თ.ხიდაშელი. ხომ არავინ გამომრჩა? (აქ ე.შევარდნაძე მიწერია. რატომღაც მახსოვს, რომ მცირე ხნით შეითავსა მინისტრობა. თავს ვერ დავდებ სიზუსტეზე, დანარჩენები სწორია) საჰაერო ძალების ყოფილი სარდალია“,- წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები