თეა წულუკიანი: არაფერი საგანგაშო არ არის იმაში, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ ვადას იყენებს

არაფერი საგანგაშო არ არის იმაში, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ ვადას იყენებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან კონსულტაცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, ასევე უმრავლესობის არაერთ დეპუტატს. წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტმა იცოდა იმის შესახებ, რომ მინისტრები მომავალ კვირას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამგზავრებულიყვნენ ვიზიტებით საზღვარგარეთ.
“ეს კომუნიკაცია შედგა. ამის მერე პრეზიდენტის უფლებაა, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული 7-დღიანი ვადა. ის ამას იყენებს და ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. რა სიაც დღეს უდევს, ის სია ედება 7 დღის მერეც და 7 დღის მერე გადააგზავნის პარლამენტში”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე ინფორმაციით, იქამდე მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რადგან წინ ბევრი სამუშაო აქვს.
“მთავრობას აქვს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. როცა ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ ცაიტნოტში. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი ის, რომ ჩვენთვის ტექნიკურად კომფორტული იყო შაბათ-კვირას დამტკიცებულიყო მთავრობის ახალი შემადგენლობა, მაგრამ არც ეს არის პრობლემა. კონსტიტუცია ჩვენ, როგორც მოქმედ მინისტრებს, ასევე ახლადდანიშნულებს გვაძლევს უფლებას შევუდგეთ საქმიანობის განხორციელებას”, – აღნიშნა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერს პრეზიდენტთან ჰქონდა კომუნიკაცია მინისტრობის ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც და მთავრობა პრეზიდენტს ყოველთვის საქმის კურსში აყენებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები