საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი: ზუსტად 30 წელია ფორმა მაცვია და ჩემს თავზეც მივიღე!

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი სოციალური ქსელით ეხმაურება.  ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების იუბილეზე ქართულ მედიაში უპასუხისმგებლოდ გავრცელდა შეურაცხმყოფელი ინფორმაციები და იმედოვნებს, რომ მედიის წარმომადგენლები მსგავს თემებს მომავალში პასუხისმგებლობით და ჯარის მიმართ მეტი პატივისცემით  მოეკიდებიან.

„ზოგადად, ვცდილობ სხვის სტატუსებზე კომენტარები არ გავაკეთო, მაგრამ გუშინ, ჩვენი შეიარაღებული ძალების იუბილეზე ისეთი სიხარულით ავრცელებდნენ ამაზრზენ ჭორებს, რომ რამდენიმე ადგილას გამოვხატე ჩემი აზრი.

ახალს ვერც ახლა ვიტყვი. რაც არ უნდა მომხდარიყო, გადაუმოწმებლად არც ჯარისკაცზე და არც სამოქალაქო პირზე არ უნდა ვწერდეთ. თან როგორი ტექსტი ვრცელდებოდა: “არსებული ინფორმაციით…” რომელი ინფორმაციით? რას ნიშნავს არსებული ინფორმაცია? ასეთივე “არსებული ინფორმაცია” თქვენს შესახებ, ან თქვენს ახლობლებზე რომ გაავრცელოს ვინმემ, რა რეაქცია გექნებათ?

დავუშვათ და მართალი იყო. არ გიფიქრიათ, რომ იმ ჯარისკაცებს ოჯახები ჰყავთ და ყველას ახლობელს თავისაზე უნდა ეფიქრა?

ნუთუ ეს ჟურნალისტიკაა? არაა ეს ჟურნალისტიკა. მე ათობით ღირსეული მეგობარი ჟურნალისტი მყავს და დარწმუნებული ვარ, ისინიც ასე ფიქრობენ.
როგორ შეიძლება ერთ დღეს, როცა “საქმეს სჭირდება”, ჯარისკაცის ღირსებას იცავდე, და მეორე დღეს, იმავე მუნდირს ლაფში სვრიდე?

თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ყველა სიტუაციაში არ მოქმედებს ინფორმაციის გამოქვეყნების დასწრების პრინციპი. არსებობს გარემოებები, როცა ჟურნალისტი თავს იკავებს ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება გადამოწმებას, ეს ხომ ყოველთვის უნდა უძღოდეს წინ სიუჟეტს? რატომ არ დაუკავშირდით ჩვენს საელჩოს საფრანგეთში? რატომ გაუშვით კომენტარი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციის მიღებამდე? ესეც ხომ შიდა პოლიტიკური საკითხი არაა? ჩვენი ბიჭები ხომ სხვადასხვა მისიებში, რომლებიც სიცოცხლის საფრთხესთანაა დაკავშირებული, ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებენ?

არ იფიქროთ,  ვინმეს ვმოძღვრავ. უბრალოდ, ზუსტად 30 წელია ფორმა მაცვია და ჩემს თავზეც მივიღე. ასეთივე სიხარულით რატომღაც არ აცხადებდით, რომ 30 აპრილი ქართული არმიის დღეა. ვერ გრძნობთ, რომ ეს თქვენი ზეიმიც უნდა იყოს? თუ ქართული ჯარის დღე მხოლოდ სამხედროებს ეხება?

აქაა პრობლემა. ჩვენ ვერ შევძელით შეგვექმნა ფასეულობები. არმია, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ზუსტადაც რომ ძირითადი ღირებულებებია.

მე გამოვრიცხავ, რომ ქართველი კაცი დამშეულ და გაჭირვებულ ხალხს ასე ექცეოდეს, თუმცა უზნეო ადამიანი ყველა ერში და გვარშია. ეს არ იძლევა საფუძველს, ასეთი აღტაცებით ახარო ქვეყანას მორიგი სკანდალი. მართლა რომ ასე ყოფილიყო, ეს ხომ მთელი ქვეყნის სირცხვილი იქნებოდა?!

არ ვიცი, ეყოფათ თუ არა ვაჟკაცობა უკან წაიღონ თავიანთი გაუაზრებელი სიუჟეტები, თუმცა ეგ არაა მთავარი. გამახარა საზოგადოების რეაქციამ, მათ უმეტეს, ნაწილს ჰქონდა სრულიად ჯანსაღი პოზიცია, რისთვისაც ყოველ მათგანს მადლობას ვუხდი.

ჯარი საზოგადოების სარკეა და თუ რაიმე ცუდი მოხდება, ეს საზოგადოების პრობლემაც უნდა იყოს და არა მხოლოდ ჯარის. ვერ გამოვედით საბჭოთა მენტალობიდან. როგორ ფიქრობთ, სამხედრო ხელმძღვანელობა, მეთაურები, რითი უნდა იყვნენ დაკავებულნი, სრულწლოვანი ახალგაზრდების აღზრდით, თუ საბრძოლო მომზადებით და ტექნიკის მოვლით?

გვიწევს აღზრდაც, მაგრამ ჩვენთან მოსული ახალგაზრდები უკვე აღზრდილები და ზრდასრულები არიან. დაზღვეული ვერ იქნები, რომ ვინმე რაიმე სიტუაციაში არასტანდარტულად ან უღირსად მოიქცევა.

ეს ზოგადად. ამ სიტუაციაში კი, ნაჩქარევად და გადაუმოწმებლად, უპასუხისმგებლოდ და უგულოდ გავრცელდა შეურაცხმყოფელი ინფორმაციები, რამაც ადამიანური გულისტკივილი გამოიწვია.

მინდა, პატარა ფოტოალბომი შემოგთავაზოთ ქართველ მეომრებზე, რათა ცოტათი მაინც გავაღვიძო პატივისცემა იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არიან, თავი გასწირონ თქვენი/ჩვენი კეთილდღეობისთვის, სამშობლოსათვის. ნახეთ სურათები. შეიძლება ამ ბიჭებს ასე უგულოდ და უპატივცემულოდ მოვექცეთ?

მე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროში არ ვმსახურობ, პირველ პირში ვსაუბრობ, რადგან ჩემი ცხოვრება და ფიქრები ქართულ ჯარს მჭიდროდ უკავშირდება, მათი ტკივილი მტკივა, მათი წარმატება მიხარია. გუშინდელ სიუჟეტებს მე პირადად ყველას ვპატიობ და მივაწერ არა მათი მხრიდან არმიის უპატივცემულობას, არამედ გაუგებრობას, ზედმეტად აჩქარებას და გამოუცდელობას. მინდა, რომ ასე იყოს და არა სხვაგვარად“, – წერს სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე და ქართული შეიარაღებული ძალების ფოტოკოლაჟს აქვეყნებს.

11182087_990234994327971_4178679813748396452_n

11174910_990234937661310_3597380048042360157_n

11196245_990234940994643_5163876635692302236_n

11175019_990234914327979_8546455999843344029_n

11188203_990234964327974_2843019503141283771_n

11193381_990234924327978_2554016730585551329_n

11206123_990234960994641_5449270615299830695_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები