გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლე მიმართვას ავრცელებს: მადლობელი ვარ ყველაფრისთვის…

„მე ვხედავ საქართველოს ჩემს გულშემატკივრად და ჩემი ბექას გულწრფელად დამტირალს….“ – ამ სიტყვებით მიმართავს საზოგადოების სხვადასხვა წევრებს მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის მეუღლე მარიამ სეფისკვერაძე და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მივცემ თავს უფლებას და ბექას გვერდიდან მოგმართავთ ყველას!!! (იმას, რასაც ბექა იტყოდა)…. ხანდახან სიტყვების პოვნა რთულია, რადგან უბრალოდ არ იცი, რა თქვა, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, არ შემიძლია არ ვთვა ვიხრჩობი და სუნთქვა მიჭირს…. ჩვენი ოჯახი დიდი ხანია ქირით ვცხოვრობთ და, რაღა დავმალოთ და, ოცნებად გვქონდა ქცეული ჩვენი მყუდრო ბინა, ადგილი, სადაც ჩვენი ოჯახი დიდი სიყვარულით იცხოვრებდა…. თუმცა ჩვენ ყველგან ბედნიერები ვიყავით. ჩემთვის, როგორც ბექას მეუღლისთვის, ეს დიდი სიხარულია და ჩემი ოცნება ტკივილნარევია, რადგან ბექას გარეშე ყველაფერი უბრალოდ არაფერია, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ადამიანების ასე თავდადებული გვერდში დგომა და გამხნევება. მე ვხედავ საქართველოს ჩემს გულშემატკივრად და ჩემი ბექას გულწრფელად დამტირალს…. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის…. ღმერთმა გაშოროთ ყოველგვარი განსაცდელი“, – წერს ბექა მარგიშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები