„ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ის“ ფარგლებში, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგამოფენა „რძის სუნი“ გაიმართება

5 მაისს, 19:00 საათზე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ის“ ფარგლებში, ლიტერატურის მუზეუმში ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგამოფენა „რძის სუნი“ ლია ლიქოკელის პოეზიის ფონზე გაიმართება. გამოფენის კურატორი დინა ოგანოვაა.
ნათელა გრიგალაშვილი არის თავისუფალი ფოტოგრაფი. ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. წლების განმავლობაში მუშაობდა ფოტორეპორტიორად პრესაში. ამჟამად მუშაობს სხვადასხვა ფოტოპროექტზე. მისი ფოტოპროექტების ძირითადი თემაა ცხოვრება საქართველოს რეგიონებში, უმცირესობები და ტრადიციული რელიგიურ-სახალხო რიტუალები. მუშაობდა პროექტებზე: „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“, „ქართული სოფელი“, „რელიგიური დღესასწაულები“, „დუხობორები საქართველოში“, „აზერბაიჯანელები საქართველოში“, „დედა ენა“ და სხვა. არის რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორი და მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. მიღებული აქვს პრიზები სხვადასხვა ფოტოკონკურსში. 2005 წელს მიენიჭა ალექსანდრე როინაშვილის პრიზი ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლის ფოტოგრაფიას. 2014-15 წლებში დააარსა ფოტოკლუბები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის საზღვრისპირა რეგიონებში – ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები