კულტურის მინისტრი ქვემო ქართლს ეწვია

27 აპრილს, ქვემო ქართლში, სოფელ იმირში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლებმა ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები მოინახულეს. 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა.“
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა-დახასიათება და სხვა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია. ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას. ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები დავით ლორთქიფანიძე. 2014 წლიდან ექსპედიცია პროექტის „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავების და პალეო-ბოტანიკური კვლევის შედეგები კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენეხეობის კულტურის შესახებ. ძეგლის შესწავლა ეტაპობრივად სხვადასხვა წლებში მიმდინარეობდა. 1965-1971 წწ. არქეოლოგიური სამუშაოები სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და ოთარ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა.
ექსპედიციამ სოფელ იმირის მახლობლად შეისწავლა ოთხი ნეოლითური ხანის ნასოფლარი – შულავერის გორა, იმირის გორა, დანგრეული და გადაჭრილი გორა. აღმოსავლეთ საქართველში ნეოლითური ხანის ძეგლებს აგრეთვე იკვლევდა მეცნიერი თამაზ კიღურაძე. მკვლევარების მიერ შულავერ-შომუთეფეს კულტურად წოდებული, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, ეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები მას შემდეგ მუდმივი კვლევის საგანია. 2012-13 წწ. ძეგლზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგიურ სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები