საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის პოლიტიკური კონსულტაცია გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი, 2015 წლის 27 აპრილს, ბერნში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციას – საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჟორჟ მარტენი ხელმძღვანელობდნენ.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ის ფართო სპექტრი განიხილეს, რომელიც როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას მოიცავდა.
გიგი გიგიაძემ შვეიცარიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და განვითარების სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამავე ინფორმაციით, ცალკეულ სფეროებში (რეგიონთაშორისი კონტაქტები, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო ყურადღება.
შვეიცარიული მხარე დაინტერესდა საქართველოს როლით და პოტენციალით არსებულ და დაგეგმილ რეგიონულ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში. მხარეებმა ერთმანეთს რეგიონში შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ პოზიციები და ხედვები გაუზიარეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას.
ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ასპექტები.
ასევე, ბერნში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ ფილიპო ლომბარდის და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტორს, ელჩ არტურ მათლის შეხვდა.