გიორგი მარგველაშვილი: ბელორუსიის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო პირველი ვიზიტი, მას შემდეგ, რაც ბელორუსია და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან – აღნიშნული გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა.
“ბელორუსის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს, მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს, როგორც ჩემს განცხადებებში, ასევე ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებაში ხაზი იყო გასმული იმ არჩევანზე, რომელიც საქართველომ და ბელორუსმა გააკეთეს. რა არის აქ საინტერესო?! საქართველო წავიდა ევროკავშირის გზით, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ჩვენი მიზნები ევროკავშირის მიმართ ძალიან ნათლად არის დეკლარირებული, ხოლო ბელორუსი არის სამოკავშირეო ხელშეკრულებაში რუსეთის ფედერაციასთან და არის ერთ-ერთი მოქმედი პირი საბაჟო კავშირის. აქ არის დილემა. როგორც მე გავაკეთე ამის განსაზღვრება, ვთქვი, რომ ახალ კავშირებში შესვლა არ არის წინააღმდეგობის შემქმნელი, არამედ პირიქით, ჩვენ ამ კავშირებიში შესვლას უნდა ვუყუროთ, როგორ შესაძლებლობებს, ზუსტად იგივენაირად, ბელორუსიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს წინსვლა და ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან და ბელორუსიის არჩევანი ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემსახუროთ და პირველი ვიზიტის შედეგიც ეს იყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 200 მილიონის მოცულობის პროექტებზე საუბარი.
“ეს არის ის შეთანხმებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ერთმანეთთან ვაჭრობის, ორმაგი დაბეგვრის საკითხებში, ინვესტიციების განხორციელების, საბაჟო საკითხებში და რა თქმა უნდა, ამავე დროს ამ ფონზე ჩვენი მცდელობა, რომ ერთმანეთის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოები, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი, ბელორუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის უბრალოდ მეგობრობა, ეს არის მოძმე ერები და ამას ამბობს, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ძალიან ახლო თანამშრომლობაშია რუსეთთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები