ირაკლი ღარიბაშვილი: კულტურული მემკვიდრეობების სარესტავრაციო სამუშაოები იგეგმება

სამთავრობო პროგრამის – “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში იმერეთში მყოფი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გელათის მონასტრის, კაცხის სვეტის, უბისას მონასტრის, ვანის ნაქალაქარის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები იგეგმება – აღნიშნული პრემიერმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობას.
“ვგეგმავთ გელათის მონასტრის, კაცხის სვეტის, უბისას მონასტრის, ვანის ნაქალაქარის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას, ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას, ილია ჭავჭავაძის ეროვნული მუზეუმის რეაბილიტაციას. იმერეთი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეული მხარე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული, ვინაიდან ეს არის ტურისტების მოზიდვის დამატებითი წყარო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესახებ განაცხადა, 2 წლის განმავლობაში 32კმ ახალი გზა გაიხსნა. მიმდინარე წელს 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 43 კმ გზის მონაკვეთს. მიმდინარე წელს კი 66 კმ გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
“განვახორციელეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები და ამ მხრივ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. მყარი ნარჩენების მართვის პროექტი განვახორციელეთ თერჯოლაში, სამტრედიაში, საჩხერეში, ქუთაისში. დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის რეგიონული, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის პროექტირება და მშენებლობა. დამეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები