რამზან კადიროვი რუსეთს ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩენ ძალოვანებს სხვა რეგიონების პოლიციის წარმომადგენლებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება მისცა. ეს განცხადება კადიროვმა გროზნოში ძალოვანებთან გამართულ თათბირზე გააკეთა, რომელზეც ჩეჩენი ბიზნესმენების ჯამბულატ დადაევის დაღუპვის დეტალებს განიხილავდნენ.
სტავროპოლის მკვიდრი ჯამბულატ დადაევი, რომელსაც ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჰქონდა დაწერილი, 19 აპრილს სტავროპოლის პოლიციის წარმომადგენლებმა გროზნოს ცენტრში მოკლეს.
კადიროვის განცხადებით, სტავროპოლელ პოლიციელებს სპეცოპერაციის ჩატარებისთვის კანონიერი უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან მათ ამის შესახებ ჩეჩენი კოლეგები არ გააფრთხილეს. კადიროვმა ამ ინციდენტის გამოძიების განკარგულება გასცა.
“ეს სპეცოპერაცია კი არა, დანაშაულებრივი ქმედებაა. ოპერაციაში არა მარტო პოლიციელები, არამედ რუსი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. 2000-იანი წლების პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა ჩეჩენი უბრალოდ მოეკლათ და წასულიყვნენ, წარსულს ჩაბარდა. ოფიციალურად ვაცხადებ – თუ დაინახავთ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უნებართვოდ გამოჩნდა მოსკოველი ან სტავროპოლელი – პირდაპირ ცეცხლი გაუხსენით. ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიონ. ჩვენ ხომ არა გვაქვს უფლება გავიდეთ ინგუშეთის ტერიტორიაზე და იქ ექსტრემისტების და ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციები ჩავატაროთ, ჩვენ ბევრ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვკლავდნენ, საკმარისია. იმისთვის არ მიგვიღია რუსეთის კონსტიტუცია, რომ ჩვენ უდანაშაულოდ დაგვხოცონ“, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები