სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს პრორუსი „ბოევიკებისთვის“ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებაში ადანაშაულებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებისთვის“ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებაში ადანაშაულებს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა. „ბოლო დროს ჩვენ აღმოსავლეთ უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების დიდ კონცენტრაციას შევნიშნავთ. არანაირი ეჭვი არ არის, რომ ამაში რუსეთია ჩარეული“, – განაცხადა ჰარფმა.
ასევე ვაშინგტონი რუსეთს პრორუსი სეპარატისტებისთვის წვრთნების ჩატარებაში ადანაშაულებს.
“ჩვენ გვაქვს უკრაინაში რუსული ჯარის ყოფნის უტყუარი მტკიცებულებები, იქ განთავსებულია თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპატარები. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერა“, – აცხადებს მარი ჰარფი. მისი თქმით, უკრაინის საზღვართან ოქტომბრის შემდეგ რუსული არმიის რეკორდული რაოდენობა შეინიშნება.