ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა
ქვეყნის გარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საააგენტოში ახალი პროგრამა ამოქმედდა. 21 აპრილს, ტალინში, ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა. ღონისძიება ოფიციალურად ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა იანე ანდრესოომ და საქართველოს ელჩმა ესტონეთში თეა ახვლედიანმა გახსნეს. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურის სფეროში მომუშავე მეცნიერები, საქართველოს ესტონელი მეგობრები და პოტენციური პარტნიორები. ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება – ღვინის დეგუსტაცია, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ – უნიკალურობას, რომელიც მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაშია აღიარებული და დაცული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის ინიციატივით, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში იქნება გამოფენილი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ხელმოწერით, დოკუმენტაცია იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი.