ზვიად კვაჭანტირაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეესატყვისება არსებული საპრეზიდენტო რეზიდენცია
პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეესატყვისება არსებული საპრეზიდენტო რეზიდენცია. დაუშვებელია 5-6 მილიონი ზედმეტად იხარჯებოდეს ერთი თანამდებობის პირის ფუფუნებისა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლერსობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადასვლას არ გეგმავენ.
როგორც კვაჭანტირაძე აცხადებს, იგი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს თვალყურს სტრასბურგიდან ადევნებს და მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.
დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს.
„სტრასბურგიდან თვალს ვადევნებ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტელევიზიებს აქაც გავუკეთე კომენტარი არ ვარ დარწმუნებული, რომ არ მიჭრიან-მოჭრიან და არ დააბნევენ ჩვენს მხარდამჭერებს. ამიტომ, ვისაც გაინტერესებთ გეტყვით შემდეგს:
- ჩემთვის მიუღებელია ეს გაჯიუტებული სიტუაცია. ეს ვნებს ქვეყნის იმიჯსაც და ხელისუფლებას ზოგადად.
- 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2013 წლიდან თვისობრივად შეიზღუდა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები:
– საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა შეიცვალა არსებითად საპარლამენტო მმართველობის მოდელით; – პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და, შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი; – პრეზიდენტი აღარ წარმართავს და ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას; – პრეზიდენტის უფლებამოსილებები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სიმბოლური ბუნებისაა. მოქმედი პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი და უფლებამოსილებები არსებითად შეესატყვისება საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტების სტატუსსა და უფლებამოსილებებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ჩამოშორდა კონსტიტუციური უფლებამოსილებების უდიდესი ნაწილი (ხარისხობრივი თვალსაზრისით, უფლებამოსილებების 90%-ზე მეტი). მიუხედავად ამისა, მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა (183-ის ნაცვლად 150 საშტატო ერთეული). გარდა ამისა, პრეზიდენტი ინარჩუნებს შენობას, რომელიც სუპერსაპრეზიდენტო მოდელის პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი.
ახალი მმართველობის სისტემის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეესატყვისება არსებული საპრეზიდენტო რეზიდენცია. დაუშვებელია 5-6 მილიონი ზედმეტად იხარჯებოდეს ერთი თანამდებობის პირის ფუფუნებისა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებისთვის. ამ ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანდიდატი და მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავადაც საუბრობდა რეზიდენციის შეუსაბამობაზე მის სტატუსსა და უფლებამოსილებებთან: „მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი“. ხალხმა, ამომრჩეველმა ეს დაიჯერა. ეს დავიჯერეთ ჩვენც, მის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაბმულმა თანაგუნდელებმა…უფრო მეტიც, ავლაბრის რეზიდენციაში არ შესვლა იყო გიორგი მარგველაშვილის ერთერთი წინასაარჩევნოდ დადებული პირობა. არ მინდა მწარე შეკითხვა დავსვა, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი.
პირადად მე მაინტერესებს მაინც რა მოხდა შემდეგ? რატომ შეცვალა ბატონმა გიორგიმ თავისი დამოკიდებულება რეზიდენციის საკითხთან მიმართებაში? ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად გაუგებარია. პრეზიდენტისგან ამ წუთამდე არ მომისმენია საფუძვლიანი განმარტება ამ თემაზე, გარდა იმისა, რომ თურმე ეს ყოფილა მისი და “ბიძინას” პიროვნული დაპირისპირების თემა. რა ვქნათ, არ გვაკმაყოფილებს ეს ახსნა. მოდით, ჯერ ამ შეკითხვაზე მივიღოთ ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხი და მერე ვნახოთ რა მარტივად გავცემთ პასუხს შეკითხვას – მოქმედი პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილებებს მოცულობით სრულად შეესატყვისება საქართველოს მთავრობის მიერ თანამედროვე და მაღალი სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული რეზიდენცია თუ არა?
რატომ ვჭირვეულობთ ასე ინფანტილურად? რატომ ვცდილობთ გავაღრმაოთ უთანხმოება კონკრეტულ საკითხზე და გადავიტანოთ იგი სხვა სივრცეებში?
ევროპის რამდენი ქვეყნის პრეზიდენტს აქვს ავლაბრის და ათონელის რეზიდენციაზეც კი გაცილებით მოკრძალებული რეზიდენცია? ზოგიერთი მათგანი ერთადაც გვინახავს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ბატონი პრეზიდენტი აღარ მოისურვებს ჩემს თანამგზავრობას, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვერ ვიდარდებ smile emotion, თუმცა მიუხედავად ამ უთანხმოებებისა და გულგატეხილობისა, მე მაინც ვადასტურებ პატივისცემას პირადად მის მიმართ და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ იმ ჩარჩოებში, რაც საბოლოოდ მივიღეთ კონსტიტუციურად. ვიცი, ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა იმედდაკარგულ ოპონენტთა მთელი ბატალიონი (არმიამდე ვერ გაქაჩავენ) შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელოვნურად დანერგონ “დაჩაგრული” პრეზიდენტის იმიჯი, ვინაიდან საქართველოში დაჩაგრულს ყოველთვის ექომაგებოდნენ. სწორია კი ეს – ასე ხელოვნურად საკუთარი იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა? ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზვიად კვაჭანტირაძე.