„გაღმა ნაპირი“ აფხაზურ ენაზე – კულტურის მინისტრის საჩუქარი აფხაზ ხალხს
22 აპრილს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გიორგი ოვაშვილის ფილმის – „გაღმა ნაპირის“ აფხაზურენოვან დისკებს გადასცემს. ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.
გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ აფხაზურ ენაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ითარგმნა. პროექტის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთში ფილმის გავრცელება და პოპულარიზაცია. „გაღმა ნაპირი“ აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირმა“ რამდენიმე ათეული ჯილდო მოიპოვა.