მიკაელ კადიევი: ალაჰს ვფიცავარ, დამნაშავე არ ვარ
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიკაელ კადიევისა და რიზმან ომაროვის წინააღმდეგ საქმის განხილვა დასრულდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის განაჩენი დღეს გახდება ცნობილი. ბრალდებულ მიკაილ კადიევის განცხადებით, იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები მას და მის მეგობარს ჩაუდეს. კადიევმა პროცესზე რამდენჯერმე დაიფიცა, რომ დანაშაულთან შეხება არ ჰქონია. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, მზად არის, შეუნდოს ანტიტერორისტული სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააკავეს. “ერთი თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ვიმყოფებოდი პრეზიდენტის მფრინავთან სახლში. ეს ყველაფერი არჩევნების წინ იყო. ყველამ იცის, რომ არჩევნები ყველაზე ბინძური საქმეა. მტკიცებულებები გააყალბეს, ეს დასტურდება იმით, რომ არ აუღიათ თითის ანაბეჭდები, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რატომ დამაკავეს ამ დაკავებამდე ნახევარი წლით ადრე ბათუმში. წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ორი წელი ვცხოვრობდი და ადმინისტრაციული წესითაც არ დამირღვევია კანონი. წინა ხელისუფლება პრორუსული არ იყო. ამ საქმეში დამნაშავეები არიან ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლები და მე მათ ვაპატიე, რაც გააკეთეს”, – განაცხადა მიკაელ კადიევმა, რომელიც ბიძაშვილთან ერთად გასული წლის 13 ივნისს თბილისში, შავი ზღვის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მან საბოლოო სიტყვით წარმოთქმისას მოსამართლის მიმართაც გააკეთა მოწოდება. “არ მსურს თქვენი კეთილგანწყობა, ჩვენ აუცილებლად შევხდებით განკითხვის დღეს ერთმანეთს. მარხვაზე ვარ და ტყუილს არ ვიტყვი, რადგან ცოდვებს ჯოჯოხეთისკენ მივყავართ. ალაჰს ვფიცავარ, არც მე და არც ჩემი ძმა დამნაშავეები არ ვართ, ყველაფერი ჩაგვიდეს და გთხოვთ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოთ გადაწყვეტილება. იმ პოლიციელებმა, რომლებმაც დაგვიჭირეს, ვკითხე, ღმერთის არ ეშინოდათ. მათ მითხრეს, რომ ეკლესიაში წავიდოდნენ და სანთელს დაანთებდნენ, რის შემდეგაც ღმერთი შეუნდობდა. მე კი ვუპასუხე, რომ ასეთი რამ ბიბლიაში არ წერია”, – განაცხადა კადიევმა. წარდგენილ ბრალდებას უარყოფს კადიევთან ერთად დაკავებული რიზმან ომაროვიც. “ყველაფერში დამნაშავეები არიან ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც არიან გამყიდველი თანამშრომლები და ციხეში უნდა ჩასვათ. ჩემი ძმისგან განსხვავებით, არ ვაპირებ მათ ვაპატიო”, – განაცახდა რიზმან ომაროვმა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი გადაწყვეტილებას უახლოეს წუთებში გამოაცხადებს.