ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: ბრალის წარდგენა, ან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა წარდგენილ ბრალდებაში
“ბრალის წარდგენა, ან ბრალდებულის სტატუსის ქვეშ ყოფნა პირის არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა წარდგენილ ბრალდებაში”,- ამის შესახებ
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის საქმის მასალებს ჯერჯერობით, არ იცნობს, თუმცა წარდგენილი ბრალით გაკვირვებულია.
“გაუკვირდება ნებისმიერ პირს აბსურდული ბრალი, აქედან გამომდინარე, მე თვითონ გაკვირვებული ვარ. ჩვენ არ ვიცნობთ საქმის მასალებს, ამიტომ ვერანაირი სახის კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ვისთანაც საჭირო არის კომუნიკაცია და ურთიერთობა, გვაქვს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „|ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.