უძველესი მეღვინეობის კერა საქართველოში – არქეოლოგიური აღმოჩენა
21 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“ წარმომადგენლები მოინახულებენ ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ქვემო ქართლში (სოფ. იმირი). 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა-დახასიათება და სხვა. ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. პროექტის შესახებ ამერიკელმა მწერალმა და ჟურნალისტმა პოლ სალოპეკმა „National Geographic“-ში ახლახანს გამოაქვეყნა სტატია “Ghost of the Vine – In Georgia, science probes the roots of winemaking“.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვერის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია. ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას. 2014 წლიდან ექსპედიცია პროექტის „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავების და პალეო-ბოტანიკური კვლევის შედეგები კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენეხეობის კულტურის შესახებ.