ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში საქართველო მოხვდა

ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში წელს საქართველო მოხვდა. ქართული დელეგაცია ფესტივალზე საქართველოს 19-22 აპრილს წარადგენს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. ამ თემაზე ეროვნული კინოცენტრი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ფესტივალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა 2014 წლის ბერლინალეზე დაიწყო. წელს ნიონის ფესტივალის საკონკუსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის, ნინო გოგუას ფილმი „მადონა“ მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 15 ქართული თანამედროვე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც ფესტივალის წარმომადგენლებმა თავად შეარჩიეს. ფილმების ჩვენების გარდა, ქართველ კინემატოგრაფისტებს საშუალება ექნებათ, საზოგადოებას საკუთარი პროექტები წარუდგინონ. ნიონის ფესტივალის წარმომადგენლების მიერ შერჩეულია ექვსი ქართული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულს და ჯილდოს სახით 10 000 ფრანკს მიიღებს. წელს ფესტივალზე საკმაოდ წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია გაემგზავრა, რომელთა შორისაც არიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე, პროდიუსერი – ანა ძიაპშიპა, რეჟისორი – არჩილ ხეთაგური და ასევე ფესტივალზე წარდგენილი ფილმებისა თუ პროექტების ავტორები.
ნიონის ფესტივალის დასკვნით ნაწილში ქართული საღამო მოეწყობა, სადაც ჩვენი ქვეყნის წარდგენა მრავალი კუთხით მოხდება. ასევე დაგეგმილია ეროვნული კინოცერტრის პრეზენტაცია, რომელსაც ნანა ჯანელიძე მოაწყობს, არჩილ ხეთაგურის ლექცია-პრეზენტაცია ქართული დოკუმენტური ფილმის შესახებ და „Focus Talk“, სადაც დისკუსიის მოდერატორი ანნა ძიაპშიპა იქნება. ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1969 წელს დაფუძნდა. იგი დოკუმენტური ფილმების პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა და ასპარეზი მისცა ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დოკუმენტალისტიკას. ფესტივალზე წარდგენილ ფილმებში ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული რეჟისორის ხედვა კრეატიული კინემატოგრაფიული ხერხით, თავად ფილმები კი ნოვატორული, დამაინტრიგებელი და დროის შესაბამისია, რაც საზოგადოების დაინტერესებას და დისკუსიაში ჩართვას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები