გარემოს დაცვის სამინისტრო “ნეტგაზეთის” სტატიას ეხმაურება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახური netgazeti.ge-ს სტატიას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, netgazeti.ge-ს სტატიაში მოყვანილია ინფორმაცია საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენის შემოტანის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი რადიოაქტიურ ნარჩენს არ წარმოადგენს. აღნიშნული ნაცრის იმპორტზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის N589 განკარგულებაშიც არის საუბარი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნახშირზე მომუშვე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი განეკუთვნება არასახიფათო (არარადიაქტიური) ნარჩენების კატეგორიას, რომლის იმპორტიც დაშვებულია შესაბამისი რეგულაციების, მათ შორის, გარემოსდაცვითი მოთხოვნების, ასევე, ტრანსპორტირების, უსაფრთხოების და სხვა ნორმების დაცვით.
“კვირა” გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “netgazeti.ge-ს სტატიაში მოყვანილია ინფორმაცია საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენის შემოტანის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ნახშირზე მომუშვე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი, რომლის იმპორტზეც არის საუბარი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის N589 განკარგულებაში, არ წარმოადგენს რადიოაქტიურ ნარჩენს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით (ევროგაერთიანების საბჭოს (EEC) 259/93 რეგულაციით განსაზღვრული ე.წ. ნარჩენების მწვანე ნუსხა; ბაზელის კონვენციის IX დანართი; ევროკომისიის 2000/532/EC გადაწყვეტილებით დადგენილი ნარჩენების ევროპული სია) განეკუთვნება არასახიფათო (არარადიაქტიური) ნარჩენების კატეგორიას, რომლის იმპორტიც დაშვებულია შესაბამისი რეგულაციების, მათ შორის, გარემოსდაცვითი მოთხოვნების, ასევე, ტრანსპორტირების, უსაფრთხოების და სხვა ნორმების დაცვით. რაც შეეხება რადიაქტიურ და სხვა სახის სახიფათო ნარჩენებს, მათი იმპორტი და ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით („ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონები) და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი) შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები