პუტინი ირანისთვის საზენიტო კომპლექს C-300-ის მიწოდებას „ეკონომიკური ინტერესებით“ ხსნის

ირანისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ის მიწოდება არცერთ ქვეყანას არ ემუქრება, ვინაიდან ეს არის თავდაცვითი იარაღი. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს გააკეთა. მისი თქმით, 2010 წელს რუსეთის მიერ ამ კონტრაქტის შეჩერება „კეთილი ნების“ გამოხატულება იყო, ვინაიდან გაეროს სანქციების სიაში ეს სისტემები არ მოხვდა.
„რუსეთმა ამის შედეგად ასეულობით მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, ვინაიდან შეკვეთა უკვე გაკეთებული იყო, სისტემები დამზადებული, მაგრამ მასში ფული აღარ გადაიხადეს. რატომ უნდა განვიცადოთ ჩვენ ზარალი? სხვათა შორის, რუსეთი არ არის ახლო აღმოსავლეთში იარაღის მიწოდების ოდენობით პირველ ადგილზე და აშშ-ს ჩამორჩება. ჩვენ პარტნიორების ინტერესები ადრეც გავითვალისწინეთ და ეს სისტემები კიდევ რამდენიმე ქვეყანას არ მივაწოდეთ. რაც შეეხება ისრაელის პოზიციას, მას C-300-ის კომპლექსები არანაირად არ ემუქრება, ვინაიდან ირანი ისრაელისგან საკმაოდ შორს არის“, -აცხადებს პუტინი. ამასთან ერთად, პუტინმა არ გასცა პასუხი კითხვას, რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ ირანისთვის ამ კომპლექსების მიწოდების საპასუხოდ ისრაელი იარაღს უკრაინას და საქართველოს მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები