რუსეთის ვიცე-პრემიერი ხლოპონინი პრემიერ-მინისტრ მედვედევზე 35-ჯერ მდიდარია
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის შემოსავალი, 2013 წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა, ის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების შემოსავალს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მედვედევის შემოსავალმა 2014 წელს 8 მილიონი რუსული რუბლი (160 ათასი დოლარი) შეადგინა. პრემიერის საკუთრებაში ირიცხება 307 კვ. მეტრის ფართობის ბინა, ასევე ორი ავტომობილი: „გაზ-20“ და „გაზ-21“. მედვედევის მეუღლეს კი ავტომობილი „Volkswagen Golf“ ჰყავს. ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ხლოპონინის შემოსავალი კი 2014 წელს მედვედევის შემოსავალს 35-ჯერ აღემატება და 280 მილიონ რუბლს (5 მლნ 600 ათას დოლარს) შეადგენს. მეორე ადგილზე კი მინისტრი მიხეილ აბიზოვია (222 მლნ რუბლი.). ამასთანავე, აბიზოვს სოლიდური ავტოპარკი აქვს. მის დეკლარაციაში მითითებულია სხვადასხვა მოდელის ორი „Mercedes-Benz“-ი, ხუთი მოტოციკლი, ვერტმფრენი „Robinson 44 Clipper II“, ასევე თოვლმავალი „Yamaha“. მის მეუღლეს კი ორი „Porsche“ და სამი „ჯიპი“ ჰყავს.