რუსეთისა და ნატოს თვითმფრინავებს შორის ახალი ინციდენტი მოხდა
ორი რუსული ბომბდამშენის დასაკავებლად, რომლებიც დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს გამოჩნდნენ, ჰაერში დიდი ბრიტანეთის „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. ინციდენტი შოტლანდიის სანაპიროსთან ნატოს სამხედრო წვრთნების დროს მოხდა. ამ მანევრებში 50 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, რუსულ თვითმფრინავებს არც ერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ და ისინი გეგმურ საპატრულო ფრენას ახორციელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ინციდენტი მოხდა რუსეთის და აშშ-ს თვითმფრინავების მონაწილეობით. მაშინ რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს ორჯერ შემოუფრინა, რითიც ამერიკული მხარის განცხადებით, საჰაერო ხომალდს საფრთხე შეუქმნა.