ციმბირიდან ხანძარი ჩინეთის ტერიტორიაზე გადავიდა
რუსეთში, ხაკასიის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარი ხანძრის შემდეგ სტიქია ციმბირში, ბაიკალის ტბის სიახლოვეს გაჩნდა. ამ დროისთვის იწვის ტყე 400 ჰექტარის ფართობზე. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხანძრის ფართობი თითქმის ორჯერ გაიზარდა. ზაბაიკალის მხარეში 3 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ხანძარი ჩინეთის ტერიტორიასაც გადაედო. რაც შეეხება ხაკასიის ხანძრის შედეგებს, იქ დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია. ათასობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხანძარი სოფლის მეურნეობისთვის სახნავ ადგილებში ბალახის დაწვამ გამოიწვია. ამოვარდნილმა ქარმა ცეცხლი სწრაფად გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, ციმბირის სხვა რაიონებში ხანძრის მიზეზიც ასევე ბალახის დაწვა გახდა.