საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა გაიზარდა

    საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 27 % ცხოვრობს -ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სიღარიბე გადაულახავ პრობლემად რჩება საქართველოსთვის. ქვეყანაში ასევე მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე მაღალია იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 2011 წლიდან 2013 წლამდე 25 პროცენტიდან 27 პროცენტამდე გაიზარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, მართალია, უკიდურესი სიღარიბე შედარებით შემცირდა, მაგრამ ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ის დანახარჯები, რომელიც ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ძირითადად მიმართული იყო სხვა ჯგუფებისკენ და არა ბავშვებისკენ. შესაბამისად, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ ჯგუფად. სწორედ ამიტომ იუნისეფი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, – ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, – რომ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური შეღავათები შემოიღონ“, – აცხადებს მაია ქურციკიძე.
მისი თქმით, საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა საკმარისად არ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს.
„წელიწადში 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება. აქედან 300 -კვების დეფიციტის გამო. არადა, არსებობს დაბალბიუჯეტიანი გადაწყვეტები, რომელთაც ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლიათ“, – ამბობს ქურციკიძე. მისი თქმით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები