თამარ ბერუჩაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-აშშ ურთიერთობების ფართო სპექტრი, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას. თამარ ბერუჩაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში ვაშინგტონსა და თბილისში დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შესახებ. საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები