„ფერადი ქოლგების ჩრდილები“ – თამთა ბანძელაძის ლექსების კრებულის წარდგინება გაიმართა

საგამომცემლო სახლმა „ქართულმა ელიტამ“ თამთა ბანძელაძის ლექსების კრებული – „ფერადი ქოლგების ჩრდილები“ გამოსცა. გამომცემელი – რედაქტორია – ნუგზარ ჭიაბერაშვილი. წიგნის პრეზენტაცია კლუბ „ვან საიდში“ გაიმართა და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.
წიგნის ავტორმა – თამთა ბანძელაძემ, საკმაოდ ორიგინალური პოეტური ხედვა და წიგნი შესთავაზა მკითხველს თავისი დიზაინით – წიგნს რომ გადაშლით, მარცხენა მხარეს ცნობილი ქართველი ვარსკვლავის ფოტოა, მარჯვნივ კი ლექსი, რომლებიც შინაარსობრივად სრულებით შეესაბამება ერთმანეთს.
საღამოს თათა ჯაში უძღვებოდა, ხოლო პოეტის ლექსებს მსახიობები: ზვიად დოლიძე და შაკო ივანიაშვილი კითხულობდნენ. წიგნს ცნობილი ექიმისა და პოეტის ლადო კახაძის წინასიტყვაობა ამდიდრებს და მისი წაკითხვის აუცილებლობას გვიხსნის…
„წიგნის შესავლის მაგიერ… ჩემო ძვირფასო სტუმარო. ასე იმიტომ მოგმართავთ, რომ თქვენ ახლა ეს ლამაზი წიგნი გიჭირავთ ხელში და შემობრძანებული ბრძანდებით ერთი მშვენიერი ასულის სამფლობელოში. დიახ, სამფლობელოში! იგი აქ დამოუკიდებელი, დახვეწილი, გულმართალი, კეთილმოსურნე დიდი დიასახლისია თქვენთვის მომზადებული საუცხოოდ შეზავებული ნუგბარით. სულიერებისათვის საგულდაგულოდ შერჩეული ჩაროზით. მისი პოეტური ქმნილებანი ხომ სწორედაც ჩაროზივით დაემშვენება ეგზომ მოსაწყენ, ერთფეროვან ჩვენს ყოველდღიურობას… მიირთვით იგი. ჩაიტკბარუნეთ გონგახედნილი გრძნობანი და შემდეგ თამამად ჩაიხედეთ სარკეში, იქ თქვენ „სულის ორეულს“ დაინახავთ ხელში „ბედნიერების პატარა ნაგლეჯით“ და იმედიანი თვალებით. დიახ, ეს თქვენა ბრძანდებით, თქვენ, რომელნიც გადაურჩით „ცხოვრების ქვაფენილზე დაყრილ ხაფანგებს“ და ვერ გაცდუნათ „ნიღბიანმა ლაქიებმა“… გემოვნებაზე და შესაძლებლობებზე არ დავობენ. ერთიც და მეორეც მკვეთრად ინდივიდუალურია და მკაცრად სპეციფიკური… ამ სამფლობელოში თქვენ თავს ძალზე კომფორტულად იგრძნობთ, იმიტომ რომ ლექსებში ჩატეულ გრძნობას თქვენი მოთხოვნილების მიხედვით შეითვისებთ, შეირგებთ და სულიერებას გაიჯანსაღებთ… დაიმახსოვრეთ თქვენი დიასახლისი – თამთა ბანძელაძე – თქვენი უბადლო მშვენიერი მასპინძელი. კეთილი იყოს თქვენი ურთიერთწარდგინება… სიყვარულით და პატივისცემით, ვლადიმერ (ლადო) კახაძე“.

11136904_867788633280157_1430788593_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები