თსუ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს თსუ რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მოაწერეს ხელი.
დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიზანია სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის დონის ამაღლება ლექცია-სემინარების ჩატარებითა და ურთიერთგაცვლითი ვიზიტებით, საერთაშორისო მისიებსა და კონფლიქტების თემებთან დაკავშირებული საკითხების უფრო სიღრმისეულად და დეტალურად შესასწავლად; ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საგანმანათლებლო სექტორთან ინტეგრირების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან, გაეცნონ საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილებასა და შესაძლებლობებს; ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების და უნივერსიტეტის პერიოდული ურთიერთობის უზრუნველყოფა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით.
რამდენადაც ცნობილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სერჟანტთა მომზადების ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობს ცენტრის როლსა და ფუნქციებს შეიარაღებული ძალების ერთიან სისტემაში; შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა შემადგენლობის როლს, მნიშვნელობასა და დანიშნულებას; ცენტრში არსებულ სასწავლო შეიარაღებასა და აღჭურვილობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების დაახლოების უზრუნველყოფას; უზრუნველყოფს ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ისეთი საკითხების გაცნობას, როგორიცაა კონფლიქტოლოგია და კონფლიქტის მართვა; უზრუნველყოფს ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სოციალური ფსიქოლოგიისა და მისი შემადგენელი ნაწილების კურსის გაცნობასა და სათანადო ტრენინგების ჩატარებას.