აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნის საღამო გაიმართა – ფოტოკოლაჟი
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების კადეტების, ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ჯეი ჯონსონი, კადეტთა ოჯახის წევრები და აშშ-ის სანაპირო დაცვის მეთაური, ადმირალი პოლ ზუკუნფტი დაესწრნენ. აშშ-ის დიპლომატიური მისია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს კადეტების – გორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ნიუ-ორკში საქართველოს გენერალური კონსული და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი და სამხედრო ატაშე დაესწრება. ღონისძიებაზე დასასწრებად აკადემიის ადმინისტრაციამ სპეციალურად საქართველოდან სოსო მაკარიძისა და ბესიკ გორჯოლაძის მშობლებიც მიიწვია, რომლებიც უკვე ამერიკაში იმყოფებიან და ღონისძიებას დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 მარტს ქართველი კურსანტები: სოსო მაკარიძე და ბესიკ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. სამხედრო კურსანტები საქართველოში 12 მარტს ჩამოასვენეს და იმავე დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამხედრო კურსანტები სამშობლოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.