პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება დაიწყო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული აქტიური კამპანია დაიწყო. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ინიციატივის ფარგლებში “პსპ” პირიველი ფარმაცევტული ქსელია, რომელმაც პოლიეთილენის პარკები სრულად ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით. სააფთიაქო ქსელს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა.
სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერენ საქართველოში არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.
პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები სჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.
სამინისტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.