ქართველი ემიგრანტების შვილის ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას აშშ-ს მთავრობა აფინანსებს
18 წლის მარიამ ტოპეშაშვილი, ქართველი ემიგრანტების შვილი რიო- დე- ჟანეიროდან, რომელიც ჰარვარდში ისწავლის – ამის შესახებ სტატიას ბრაზილიური გამოცემა Globo.com აქვეყნებს.
ამავე სტატიის თანახმად, მარიამ ტოპეშაშვილი შარშან შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. ქართველი ემიგრანტის სწავლა-განათლებას ჰარვარდში განათლების ფონდისა და აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს.
მარიამ ტოპეშაშვილი ბრაზილიის მოქალაქეა. სრულყოფილად საუბრობს პორტუგალიურად, რიოს აქცენტით და კიდევ ხუთ ენას ფლობს. გატაცებულია პოლიტიკითა და ეკონომიკით და ბევრს დროს უთმობს მოხალისეობას.
2001 წელს 4 წლის მარიამი მშობლებთან ერთად რიო- დე- ჟანეიროში ჩავიდა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა კოპაკაბანას პლაჟზე ლუდს ყიდდა. დედას სამუშაოს საშოვნელად ორი წელი დასჭირდა. მშობლები შემოსავლის უმეტეს ნაწილს შვილის განათლებაში ხარჯავდნენ. მარიამი თავაუღებლად მეცადინეობდა. ის რიოს პრესტიჟულ, პედრო II-ის სახელობის კოლეჯში მიიღეს. მონაწილეობდა მათემატიკის, ქიმიისა და ისტორიის ოლიმპიადებში, ხოლო თავისუფალ დროს უსინათლო ადამიანებს წიგნებს უკითხავდა.
შარშან მარიამი შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. განათლების ფონდისა და აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით მან საბუთები ამერიკულ უნივერსიტეტებში გაგზავნა და 31 მარტს სრული სტიპენდიით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
მარიამს მხოლოდ იმაზე წყდება გული, რომ მის წარმატებას მამა- ავთანდილი, ვერ მოესწრო.
„მამამ ჩემი განათლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. მან მასწავლა ყველაფერი, რაც პოლიტიკის შესახებ ვიცი. მამას უყვარდა, როცა წიგნებს მიკითხავდა. უსინათლოთათვის წიგნების კითხვაც მისგან ვისწავლე“, – ამბობს მარიამი.